გულმკერდის ტკივილი ბავშვებში
    განათლება
    პაციენტებისთვის

    გულმკერდის ტკივილი ბავშვებში

    კოსტოქონდრიტი — გულმკერდის ტკივილის ხშირი მიზეზი ბავშვებსა და მოზარდებში ბავშვებში გულმკერდის ტკივილი ხშირად დაკავშირებულია არა გულის პრობლემებთან, არამედ გულმკერდის კედლის სტრუქტურებთან. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია კოსტოქონდრიტი — ნეკნებისა და მკერდის ძვლის შემაერთებელი ხრტილების მიდამოში განვითარებული ტკივილი. კოსტოქონდრიტის დროს ტკივილი ჩვეულებრივ: • ლოკალიზებულია მკერდის ძვლის კიდესთან; • ძლიერდება მოძრაობისას, ღრმა ჩასუნთქვისას ან ხველისას; • შეიძლება გამეორდეს იმავე ადგილის დაჭერით. როგორ ვლინდება? • გულმკერდის ტკივილი, ხშირად მარცხენა მხარეს • ტკივილი არის ლოკალური და პაციენტს ხშირად შეუძლია ზუსტად მიუთითოს მტკივნეული ადგილი • დაჭერისას (პალპაციით) იგივე ტკივილის გამოწვევა შესაძლებელია • ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს: o ღრმა ჩასუნთქვისას o ხველისას o მოძრაობისას o ხელების აწევისას ან გაჭიმვისას რა შეიძლება იწვევდეს? ხშირად კონკრეტული მიზეზი ვერ დგინდება, თუმცა შესაძლო გამომწვევი ფაქტორებია: • ფიზიკური გადატვირთვა • სპორტული აქტივობა • გულმკერდის კედლის მცირე ტრავმა • მძიმე ჩანთის/ზურგჩანთის ტარება (განსაკუთრებით ერთ მხარზე) • ხანგრძლივი ხველა ან რესპირატორული ინფექცია როგორ ადგენენ დიაგნოზს? დიაგნოზი უმეტესად ისმება კლინიკური გასინჯვით. კოსტოქონდრიტზე მიუთითებს: • მტკივნეული კოსტოსტერნალური უბნები • ტკივილის გამეორება დაჭერით ან გარკვეული მოძრაობებით კვლევები (მაგალითად, ეკგ, რენტგენი ან სხვა გამოკვლევა) შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როცა საჭიროა გულმკერდის ტკივილის სხვა, უფრო სერიოზული მიზეზების გამორიცხვა. მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში მდგომარეობა კეთილთვისებიანია და უმჯობესდება: • ფიზიკური დატვირთვის შემცირებით • დასვენებით • ტკივილგამაყუჩებელი/ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ექიმის რეკომენდაციის მიხედვით • გამომწვევი ფაქტორების თავიდან აცილებით როდის არის საჭირო ექიმთან მიმართვა? გულმკერდის ტკივილისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეფასება, თუ ახლავს: • სუნთქვის გაძნელება • გონების დაკარგვა ან ძლიერი სისუსტე • მაღალი სიცხე • ტკივილი ფიზიკურ დატვირთვაზე • გულის ფრიალი • ტკივილი არ ქრება ან პროგრესირებს მნიშვნელოვანია: კოსტოქონდრიტი ხშირ შემთხვევაში არ არის გულის დაავადება, თუმცა გულმკერდის ტკივილის ახალი ეპიზოდი ყოველთვის საჭიროებს სწორ შეფასებას.